logo
ENG



ილიაუნის კურსდამთავრებულები: "რეფორმის" მიზანი, ფაქტობრივად, უნივერსიტეტის განადგურებაა

14 თებ 202619:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/14/2kneq7h2nd4p5v8.jpg

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ და შეშფოთებას გამოხატავენ ე.წ განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსებულ სიახლეებთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, ე.წ რეფორმის მიზანი ილიაუნის უნივერსიტეტის განადგურებაა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ავტონომიის დაცვას.

"ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულები, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 12 თებერვალს განათლების ,,რეფორმის” ფარგლებში დაანონსებული სიახლეების შესახებ, რომელიც, ფაქტობრივად, მიზნად ისახავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განადგურებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ავტონომიის დაცვას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იდენტობა ჩამოაყალიბა და წარმატება განსაზღვრა უამრავი ადამიანის თავდაუზოგავმა შრომამ.

შედეგად, ილიას უნივერსიტეტი არის წამყვანი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი. გარდა ამ ტიპის მიღწევებისა, ილიაუნის ნაწილია ათეულობით სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში არამარტო აგროვებენ ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ მონაწილეობენ საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში.

ილიას უნივერსიტეტმა აღზარდა პროფესიონალთა თაობები, რომელთა წარმატება არ არის შემთხვევითობა - ეს არის იმ ინტერდისციპლინური გარემოს შედეგი, რომლის გაუქმებასაც დღეს „რეფორმის“ სახელით ცდილობენ.

ჩვენი პროფესიული წინსვლა სწორედ იმ პროგრამების დამსახურებაა, რომლებსაც დღეს „ქართული ოცნება“ „არაპროფილურად“ მიიჩნევს და სტუდენტების მიღებას უკრძალავს.

მიგვაჩნია, რომ:
„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მხოლოდ პედაგოგიკური პროფილის დატოვება და სტუდენტების მისაღები კვოტების 300 ადგილამდე შემცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განადგურებას;

ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება დასავლურ საგანმანათლებლო სივრცესთან თანამშრომლობას, ბოლონიის პროცესს და სპობს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მომავალს;

ილიაუნის წინააღმდეგ მიმართული ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება არის დარტყმა მთელ საზოგადოებაზე. ჩვენ, ილიაუნის კურსდამთავრებულები, მოვითხოვთ:

დაუყოვნებლივ შეჩერდეს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება;

უზრუნველყოფილ იქნას საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა ნებისმიერი რეფორმის შემუშავებაში, რომელიც ეხება უმაღლესს განათლებას;

დაცული იყოს კონსტიტუციით განსაზღვრული აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა